შიგთავსზე გადასვლა

,,ცხოველების ფერმა” ანუ კლასიკური პოლიტიკა

მაისი 10, 2013

Image

,,ცხოველების ფერმა” ინგლისელი მწერლისა და ესეისტის, ჯორჯ ორუელის (1903-1945) სატირული ნაწარმოებია, რომელიც პირველად 1945 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდა. მასში ავტორს ალეგორიულად აქვს გადმოცემული საბჭოთა ტოტალიტარიზმის მანკიერი თვისებები (რის გამოც ეს რომანი საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო) და ის, თუ როგორ შეიძლება ერთმა პიროვნებამ იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რომ კოლექტიური აზრი თავის აზრს არ ეწინააღმდეგებოდეს.

ნაწარმოების სიუჟეტი მარტივი და მკითველისთვის ადვილად გასაგებია: მეიჯორის ემოციური გამოსვლით შთაგონებული მანორის ფერმის ცხოველები გადაწყვეტენ, რომ მისტერ ჯოუნზს (თავიანთ პატრონს) აჯანყება მოუწყონ. აჯანყება წარმატებით სრულდება, მისტერ ჯოუნზი და მისი მეგობრები ფერმიდან გააძევეს და მაინორის ფერმა თვითონვე დაისაკუთრეს. ისინი ,,ანიმალიზმის” პრინციპებზე დაყრდნობით იწყებენ სისტემის შექმნას. ამ ყველაფერს კი შედარებით ,,ჭკვიანი” ღორები ხელმძღვანელობენ. რევოლუციის შემდგომ დღეებში ცხოველები უზომოდ ბედნიერები არიან. მათ სჯეროდათ, რომ მათი ნამუშევარი მათი საკუთრება იქნებოდა და სხვა მათზე ზემდგომი აღარ მიითვისებდა. თავდაპირველად პოლიტიკურ ასპარეზზე გამოკვეთილი ლიდერი სნოუბოლია, მისი კონკურენტი კი ნაპოლეონი. სწორედ სნოუბოლის ფერმაში ყოფნის დროს დაამარცხებს ,,ცხოველთა არმია” ფერმის დაბრუნების წყურვილით შეპყრობილ ,,ჯოუნზის არმიას” და ეს ბრძოლა ,,ცხოველების ფერმის” ისტორიაში პირველ დასამახსოვრებელ ბრძოლად ჩაიწერება. ცოტა ხანში, სნოუბოლს მისი პოლიტიკური კონკურენტი, ნაპოლეონი თავის მიერ გაზრდილი ძაღლების დახმარებით ფერმიდან გააძევებს და ის ერთპიროვნული მმართველი ხდება. მისი მმართველობის დასაწყისშივე ღორები პრივილეგირებულები ხდებიან, ყველა სხვა ცხოველი კი იქცევა ისეთივე დაჩაგრულად, როგორც უკეთესი ცხოვრების იმედად დარჩენილი მუშათა კლასი, საბჭოთა იმპერიის ხანაში.

ამ რომანში ნათლადაა აღწერილი ის, თუ როგორ აღწევენ ბედნიერებას თაღლითები, გულუბრყვილო ადამიანთა მორჩილებით. ეს ადამიანები კი ვერ ხვდებიან იმას, რომ თაღლითთა ბედნიერება მათ ხელშია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ორგანიზებული აჯანყებით მათი განადგურება. 

მე ვურჩევ ყველას ამ რომანის წაკითხვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რადგან დეტალურად გაიგონ ყველაფერი თავიანთი უახლესი ისტორიის შესახებ და იბრძოლონ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიას ახსოვდეს და ცხადში აღარ განმეორდეს.

From → Uncategorized

კომენტარის დატოვება

დატოვე კომენტარი